ახალი ამბები

ცხინვალი კონფლიქტის ზონაში რეზერვისტთა ბანაკის ფუნქციონირებას აპროტესტებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა ქართულ-ოსური კონფლიქტის სიახლოვეს სოფელ ძევერაში ქართველი რეზერვისტების ბანაკის ფუნქციონირების გამო 6 აპრილს ცხინვალში, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ჰეიკი ტალვიტიესთან შეხვედრისას პროტესტი გამოთქვა.


ჩოჩიევის განცხადებით, ქართულ რეზერვისტთა ბანაკში არ დაიშვებიან ეუთოს და შერეული სამშვიდობო ძალების სამხედრო დამკვირვებლები.


“ეს ეწინააღმდეგება ადრე მიღწეულ შეთანხმებას და ნეგატიურად აღიქმება მხარეებს შორის ნდობის განმტკიცებაზე“, იუწყება 6 აპრილს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.


ჩოჩიევმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს როი რივს, რომელმაც ჩოჩიევის ინფორმაციით, წერილი გაუგზავნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გელა ბეჟუაშვილს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, სადაც “მკაცრად დააყენა ძევერაში რეზერვისტთა ბანაკის არსებობის საკითხი“. 


ძევერის რეზერვისტთა ბანაკი, რომელიც ცხინვალიდან 10 კმ-ის დაშორებით არის განლაგებული, გასული წლის ნოემბერში შეიქმნა.  1992 წლის შეთანხმების მიხედვით მხოლოდ ერთობლივი ქართულ-ოსურ-რუსული სამშვიდობო ძალების განლაგებაა დაშვებული კონფლიქტის ზონაში. ამავე შეთანხმების მიხედვით კონფლიქტის ზონად ითვლება ცხინვალიდან 15 კმ-ის რადიუსში არსებული ტერიტორია.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button