ახალი ამბები

რუსთავის მეტალურგიული კომბინატის შესყიდვით ორი კომპანია დაინტერესდა

“რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ შეძენით ამ ეტაპზე ორი კომპანიაა დაინტერესებული: ლონდონში დაფუძნებული “აზიის საინვესტიციო განვითარების ფონდი“ და იტალიური კომპანია “მეტალ ჯი”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 5 აპრილს.
 
” მეტალურგიული კომბინატის მიმართ დაინტერესება დიდია, ბევრი წინადადებები შემოდის და მიმდინარეობს მათი განხილვა, თუმცა ჯერ არაფერი გარკვეული არ არის“, დასძინა ლექსო ალექსიშვილმა.
 
მისი თქმით, კომბინატით ასევე იყო დაინტერესებული Mittal Steel-ი, თუმცა “მხოლოდ დაინტერესდა. აქ შესყიდვაზე საუბარი არ ყოფილა“.
 
ეკონომიკის სამინისტრომ “რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“   პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია 14 მარტს უცხოური პრესის საშუალებით გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კომბინატის საწესდებო კაპიტალი 124,314,689 აშშ დოლარს შეადგენს.   
 
დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადებების წარდგენის ვადა 1 მაისს იწურება.

Back to top button