ახალი ამბები

ხაინდრავა მაჰმადიანი მესხების საკითხებზე ევროპის საბჭოს წარმომადგენელს შეხვდა

5 აპრილს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს სახელმწიფო კომისიას მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხებზე, შეხვდა საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს იგორ გაონს.


იგორ გაონი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში დაბრუნების მსურველი მაჰმადიანი მესხების რაოდენობის დადგენას და მათთვის სათანადო პირობების შექმნას, რისთვისაც ევროპის საბჭო მზად არის საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს.


“ეს პროცესი საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, თუმცა აუცილებელია განვიხილოთ საერთაშორისო საზოგადოების დახმარება და მე შევეცდები ამ საკითხის დაყენებას ევროპის საბჭოს წინაშე“, იგორ გაონის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება სახელმწიფო მინისტრის პრეს–სამსახური.


ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს გოგა ხაინდრავამ გააცნო სახელმწიფო კომისიის ფარგლებში რეპატრიაციასთან დაკავშირებით დაწყებული ღონისძიებების გეგმა.


საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას იკისრა ვალდებულება საქართველოდან 1944 წელს გადასახლებული მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის თაობაზე.  ეს პროცესი 2012 წლამდე უნდა დასრულდეს. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button