ახალი ამბები

სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უარყოფს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 აპრილს უარყო ოპონენტების ბრალდებები თავდაცვის სფეროს სახსრების არაგამჭირვალე ხარჯვის თაობაზე.  მისი თქმით, ადამიანი უნდა იყოს “ბრმა ან ბრიყვი“, რომ ქართულ არმიაში არსებული პროგრესი ვერ დაინახოს.


სააკაშვილმა კომენტარი “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. გამყრელიძემ გასულ კვირას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი არაკომპეტენტურობაში, უფლებამოსილების გადამეტებასა და არაგამჭირვალე სამხედრო შესყიდვებში დაადანაშაულა.


“ბრმა ან ბრიყვი უნდა იყო, რომ ვერ დაინახო ის პროგრესი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში იქნა მიღწეული … ნებისმიერი ინფორმაცია [თავდაცვის სფეროში განხორციელებული ხარჯების შესახებ] ხელმისაწვდომია … უფრო დეტალური ინფორმაცია მიეწოდება პარლამენტის ნდობის ჯგუფს“, განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

მას მხედველობაში ჰქონდა ოთხი პარლამენტარისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია სახელმწიფო საიდუმლოები, მათ შორის თავდაცვისა და უშიშროების სფეროში. ოთხივე პარლამენტარი “ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ნდობის ჯგუფში დავით გამყრელიძის არჩევას, რომელსაც მე–5, ოპოზიციის წევრის ქვოტა უნდა შეევსო, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.    



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button