ახალი ამბები

გადაცემა “დროებაში” ფინანსური პოლიციის შესახებ ანონსირებული სიუჟეტი არ გაუშვეს

3 აპრილს ტელეკომპანია იმედის კვირის პროგრამაში “დროება“ არ გაუშვეს ანონსირებული სიუჟეტი, რომელიც ფინანსურ პოლიციაში დარღვევებს შეეხებოდა. ამის მიზეზად, გადაცემის წამყვანმა გიორგი თარგამაძემ ტელეკომპანიის დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის “დაჟინებული თხოვნა” დაასახელა.


აღნიშნული ფაქტი ოპოზიციური პარტია “კონსერვატორების“ ლიდერებმა შეაფასეს, როგორც ხელისუფლების მხრიდან მასმედიაზე ზეწოლა.


“როცა იბლოკება ინფორმაცია ფინანსური პოლიციის უფროსის შესახებ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა, შანტაჟი და ცენზურა“, განაცხადა “კონსერვატორების“ ერთ–ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა.


ამ თემას 4 აპრილს გამოეხმაურა პრეზიდენტის პრეს–სპიკერი გელა ჩარკვიანი, რომლის განცხადებითაც “დროების“ ავტორმა თავად ახსნა ის მიზეზები, რის გამოც სიუჟეტი არ გავიდა ეთერში. “და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაა, ძალიან ცდება“, განაცხადა ჩარკვიანმა.


თავის მხრივ ტელეკომპანია “იმედის“ დამფუძნებელმა ბადრი პატარკაციშვილმა 4 აპრილს გამართულ პრეს–კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ცალკეულ ძალებს სურდათ გადაცემა “დროება“ კომპრომატებით ომის ადგილად გამოეყენებინათ. “მე არ მჭირდება ხელისუფლებასთან კომპრომატებით საუბარი და თუ რამე მაქვს სათქმელი, ამას პირდაპირ ვეტყვი საზოგადოებას“, განაცხადა პატარკაციშვილმა.


ამასთან “კონსერვატორებმა“ 4 აპრილს გამართულ პრეს–კონფერენციაზე მორიგი აუდიოჩანაწერები წარმოადგინეს, რომელშიც ფიგურირებს  ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი და მას სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებაში დასდეს ბრალი.


იმავე “კონსერვატორებმა“ ორი კვირის წინ კეზერაშვილის უწყების თანამშრომლების ნარკოტიკებთან კავშირის მამხილებელი სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნეს. ფინანსურმა პოლიციის ხელმძღვანელობამ ამაზე რეაგირება იმით მოახდინა, რომ ჩანაწერში ხსენებული თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა და უწყებაში ნარკოლოგიური შემოწმება  ჩაატარა.


“სამწუხაროდ, მთავრობაში არის კასტა, რომელთაც უკანონო ქმედებების გამოც კი არ გაათავისუფლებენ თანამდებობებიდან“, განაცხადა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.


პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა გელა ჩარკვიანმა ფინანსური პოლიციის უფროსის დავით კეზერაშვილის მუშაობა “კარგად” შეაფასა და აქვე დასძინა, რომ “დღეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი არ დგას. თუ რამე დარღვევები აღმოჩნდება, ამაზე თავად მთავრობა მოახდენს რეაგირებას“.



 

მსგავსი/Related

Back to top button