ახალი ამბები

საგურამოს ინციდენტის გამო ოქრუაშვილს აკრიტიკებენ

დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებმა ფონდ “ღია საზოგადოება–საქართველოს“ ხელმძღვანელმა დავით დარჩიაშვილმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და არაგამჭვირვალეობის გამო შეშფოთება გამოთქვეს.


სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგელებმა გააპროტესტეს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომლიც საფუძველზეც საგურამოს სამხედრო ნაწილის ოფიცერმა გელა ლომსაძემ თანამდებობა შეინარჩუნა. 

ლომსაძეს, ახალწვეულ არკადი კუკავას ახლობლების მტკიცებით, უხეში მოპყრობის გამო ბრალი მიუძღვის კუკავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში, რომელიც ამჟამად ფილტვების ანთებით ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კერძოდ, ლომსაძემ, რომელსაც ჯარისკაცები ლოთობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ, აიძულა ნახევრად შიშველი კუკავა მთელი ღამე ემორიგევა.


ოქრუაშვილმა 3 აპრილს განაცხადა, რომ იგი ლომსაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ აპირებს, ვინაიდან იგი კუკავას ინციდენტის შემთხვევაში დისციპლინას იცავდა.


“დისციპლინა არ ნიშნავს, რომ ჯარისკაცს ყველა უფლება უნდა ჩამოერთვას. რატომღაც ავიწყდებათ, რომ ჯარისკაციც ადამიანია და მასაც აქვს უფლებები“, განაცხადა 4 აპრილს დავით დარჩიაშვილმა.


მისი თქმით, თავდაცვის სისტემაზე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი შესუსტებულია, “არადა ნატო და ევროსტრუქტურები სამოქალაქო კონტროლს პირველ რიგში მოითხოვენ ჩვენგან“.


“ლაპარაკი იმაზე, რომ თავდაცვის ბიუჯეტი 10–ჯერ გაიზარდა არაფერს ნიშნავს, თუ ჩვენ არ გვეცოდინება რას ხმარდება ეს თანხები“, აცხადებს დარჩიაშვილი.


საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ თავდაცვის სფეროში “ხელისუფლებამ ყველაფერი გაასაიდუმლოა და ტაბუირებულ სტრუქტურად აქცია“.


“თუმცა ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დავსვათ ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც გაგვიჩნდება და ამ შეკითხვებზე პასუხი მოვისმინოთ ხელისუფლებისაგან“, განაცხადა თინა ხიდაშელმა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button