ახალი ამბები

“მემარჯვენე ოპოზიცია” ოქრუაშვილს კონტრაბანდის მფარველობაში ადანაშაულებს

“მემარჯვენე ოპოზიციის” ერთ–ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შიდა ქართლში კონტრაბანდის მფარველობაში დაადანაშაულა. ამის დასამტკიცებლად ჩიხრაძემ იერარქიული სქემა წარმოადგინა, რომლის მეშვეობითაც შიდა ქართლში ცხინვალიდან შემომავალი სამი კონტრაბანდული მარშრუტი მოქმედებს.


“მემარჯვენე ოპოზიციის“ მტკიცებით, ირაკლი ოქრუაშვილი მფარველობს რეგიონის გუბერნატორს მიხეილ ქარელს, რომელიც თავის მხრივ კოორდინაციას უწევს სამი კონტრაბანდული მარშრუტის ორგანიზატორებს: შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროსს ალექსანდრე სუხიტაშვილს, გორის გამგებელს იოსებ მუმლაძეს და გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს ბონდო ვათიაშვილს.


პოლიციური რგოლის დაქვემდებარებაშია ე.წ ტყვიავის ჯგუფი, რომელიც ძირითადად ერგნეთიდან შემოტანილ კონტრაბანდას აკონტროლებს და მასში ძირითადად მიხეილ ქარელის ნათესავები არიან ჩართულები; გორის ადმინისტრაციას ექვემდებარება კრიმინალი ძმები დევიძეების ჯგუფი, რომელიც ცხინვალ–ვარიანის თბილისისა და დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ მარშრუტებს კურირებს; და მესამე ე.წ ახრისის ჯგუფი, სადაც გორის მოსამართლის ვათიაშვილის ახლო ნათესავები არიან გაერთიანებულები და ძირითადად სამრეწველო საქონლის, ფქვილის, სიგარეტის და საწვავის კონტრაბანდას ეწევიან.

სამივე მარშრუტი ცხინვალიდან იწყება, საიდანაც შიდა ქართლის სოფლების გავლით თბილისის ან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიედინება კონტრაბანდა.

“შიდა ქართლში კონტრაბანდული ქსელები ისევ მოქმედებს, პოლიციის ცალკეული მაღალჩინოსნების დასჯისა და თანამდებობებიდან გადაყენების მიუხედავად“, განაცხადა 1 აპრილს ფიქრია ჩიხრაძემ.


13 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კონტრაბანდის ხელშეწყობის მოტივით თანამდებობიდან გაათავისუფლა შიდა ქართლის სამხარე პოლიციის უფროსი ალექსანდრე სუხიტაშვილი, რაიონული პოლიციის უფროსები და სხვა მაღალჩინოსნები.


თუმცა საკადრო წმენდას გადაურჩა და “გორული მაფიის“ რიგებში არ მოხვდა მიხეილ ქარელი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შიდა ქართლში მისი რწმუნებულის “პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარება“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button