ახალი ამბები

აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თავდაპირველი ვერსია დაადასტურა

აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაასრულა გამოძიება პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების მიზეზებზე. აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა ემთხევა ქართველი სამართალდამცავების მიერ გაკეთებულ წინასწარ შეფასებებს. ამის შესახებ დღეს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს თბილისის წარმომადგელობის ხელმძღვანელმა ბრაიან პარმანმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. 


“არ ყოფილა აღმოჩენილი რაიმე ისეთი გარემოება, რაც ეწინააღმედება საქართველოს  მთავრობის მიერ ადრე გაკეთებულ დასკვნას“, განაცხადა ბრაიან პარმანმა 1 აპრილს.


მისი თქმით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების მიზეზი სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის მაღალი შემცველობა იყო, რაც გაზის ზემოქმედებამ განაპირობა. მისი ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას სისხლში კარბოქსინჰემოგლობინის რაოდენობამ 72%-ი, ხოლო უსუპოვის სისხლში – 74% შეადგინა. სხვა მომწამლავი ნივთიერებების კვალი სისხლში არ არის აღმოჩენილი.


პარმანის თქმით, გამოძიების ფედრალურმა ბიურომ გამოძიება სამი მიმართულებით ჩაატარა: ტოქსიკოლოგიური ტესტირება, ბიოლოგიური ტესტირება, ჰაერის სინჯების აღება.

ასევე შემთხვევის ადგილზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გაზის გამათბობლის ზემოქმედებით ბინაში ჟანგბადის შემცველობა 18,4%–მდე დაეცა, რაც სიცოცხლისათვის საშიშ ზღვარს წარმოადგენს.


გიორგი ჯანაშიას განცხადებით, ბინაში, სადაც 3 თებერვალს ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაცვლილები იპოვეს, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ არასწორად იყო დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და ასევე გაუმართავი იყო სავენტილაციო სისტემა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button