ახალი ამბები

ცხინვალი თბილისის სამშვიდობო ინიციატივას “სერიოზულად” არ აღიქვამს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების შესახებ საქართველოს მთავრობის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯერ 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა, ხოლო ერთი კვირის წინ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალანა პლიევას განცხადებით, ცხინვალს არ მიუღია არანაირი ოფიციალური წინადადება კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.


“არ მგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის წინადადებაზე, რომელიც სტრასბურგში გააჟღერდა, ხოლო შემდეგ მის საიტზე გამოქვეყნდა, სერიოზულად ელოდება ოსური მხარისგან რაიმე ოფიციალურ პასუხს“, იუწყება 30 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტი ალანა პლიევას სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, ოსური მხარე დღესაც გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოსთან თანაბარუფლებიანი, მშვიდობიანი თანაცხოვრების, ნდობის აღდგენისა და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომობის საკითხები მოლაპარაკებათა მაგიდასთან განიხილოს.  


“ჩვენ მზად ვართ ეს საკითხები განვიხილოთ და არა საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ წინადადებები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ისინი“, აცხადებს პლიევა. 


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის ინიციატივას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ბევრი ეთნიკური ოსის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

მსგავსი/Related

Back to top button