ახალი ამბები

ქართული მხარე ფუხაევის ცხინვალის ციხეში გადაყვანას აპროტესტებს

ქართული მხარე ცხინვალის რეგიონში განლაგებულ შერეული სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას ოთხმხრივი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს იმ ფაქტის გამო, რომ ოსი ეროვნების პატიმარი ალიკ ფუხაევი შერეული სამშვიდობო ძალების იზოლატორიდან ცხინვალის ციხეში თვითნებურად იქნა გადაყვანილი.


 


ორი ქართველი მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ალიკ ფუხაევი, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა 19 იანვარს დააპატიმრეს, მოგვიანებით კი, ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) გადაწყვეტილებით ცხინვალში შერეული სამშვიდობო ძალების იზოლატორში გადაიყვანეს, “26 მარტს ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად ცხინვალის ციხის საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს“, იუწყება 30 მარტს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც  მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს.


 


არადა შსკ–ის 24 იანვრის გადაწვეტილებით ფუხაევის საქმე ერთობლივად უნდა გამოეძიათ ქართულ, ოსურ და რუსულ მხარეებს. გამოძიების დასრულებამდე კი ეჭვმიტანილი შერეული სამშვიდობო ძალების იზოლატორში უნდა დარჩენილიყო. ამ პირობების სანაცვლოდ, მაშინ სამხრეთ ოსეთის მხარემ  ფუხაევის ნათესავების მიერ მძევლად აყვანილი ქართველი პოლიციელი გაათავისუფლა, რაც ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მხრიდან “პოლიციელის კრიმინალში გაცვლად შეფასდა“.


 


 

მსგავსი/Related

Back to top button