ახალი ამბები

სააკაშვილი საგარეო პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, მაშინ როცა ოპოზიცია გააქტიურებას ცდილობს

მაშინ, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი “საგარეო პოლიტიკაში საქართველოს უდიდესი მიღწევებით” ამაყობს, ოპოზიციური პარტიები და მოძრაობები სარგებლობენ იმ სოციალური პრობლემებით, რომლებიც ბოლო დროს ქვეყანაში დაგროვდა და თავიანთ საქმიანობას ააქტიურებენ. თუმცა,  პოლიტიკურ მიმოხილველთა უმეტესობის განცხადებით, ოპოზიციის ეს მცდელობა არაორგანიზებულია და საბოლოო ჯამში საზოგადოებისთვის ზუსტი გზავნილის მისაწოდებლად წარუმატებელი იქნება. შედეგად, პრეზიდენტი სააკაშვილი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ოპოზიციის როლს და მას “არაეფექტურს” უწოდებს.


29 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს წამყვანი ტელევიზიებით პირდაპირ ეთერში გადაიცა, მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა საქართველოს „გაზრდილ როლზე“ რეგიონში. მან საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში ახალი პოლიტიკური სტილის განმსაზღვრელად მოიხსენია.   


სააკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებში და აღნიშნა, რომ ქვეყანამ დახმარება აღმოუჩინა ოპოზიციასა და მთავრობას შორის დიალოგს. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ფაქტორი ყირგიზეთში ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დასძინა, რომ როზა ოტუნბაევას, ოპოზიციის ლიდერს, რომელიც ამჟამად ყირგიზეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრია, მუდმივი კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ოფიციალურ პირებთან. “ვარდების რევოლუციის დროს იგი [ოტუნბაევა] საქართველოში იყო და ყველაფერი იცოდა აქ მიმდინარე მოვლენების შესახებ … საქართველოს ფაქტორი იქ [ყირგიზეთში] მიმდინარე ბევრი მოვლენის კატალიზატორი გახდა“, დასძინა სააკაშვილმა.


მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მომავალ ვიზიტს საქართველოში, რომელიც 10 მაისს არის დაგეგმილი. “ჩვენ ჯერ კიდევ არ გვესმის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ვიზიტს“, განაცხადა სააკაშვილმა.


“მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გია ნოდია აცხადებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს შიდა პრობლემები საგარეო პოლიტიკაში მიღწეული წარმატებით გადაფაროს.


“ეს არც არის გასაკვირი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს წარმატება აშკარაა“, განუცხადა გია ნოდიამ “სივილ ჯორჯიას“ 30 მარტს.


მთავრობით მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდასთან ერთად, ოპოზიცია ცდილობს ხელახლა გამოჩნდეს ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე, აცხადებენ ანალიტიკოსები.


30 მარტს შეიქმნა ახალი ოპოზიციური მიმართულების საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა “ფორუმი კეთილდღეობისა და დემოკრატიისათვის“. ამ მოძრაობის დამფუძნებლები, რომლებიც ახლო მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას არ გამორიცხავენ, არიან “ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი აკაკი ასათიანი, ეკონომიკური ექსპერტი ნიკო ორველაშვილი და სხვა ცნობილი პოლიტიკოსები.


16 მარტს “ლეიბორისტულმა პარტიამ“ და “წინ, საქართველომ“ განაცხადეს, რომ მათ დააფუძნეს “ერთიანი ოპოზიციური ცენტრი“, რომელიც ოპოზიციური პარტიების საქმიანობას გაუწევს კოორდინაციას.


ოპოზიციური პარტიების “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, “კონსერვატორების“ და “ტრადიციონალისტების“, ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა “წინ, საქართველოს“ წარმომადგენლები 29 მარტს შეიკრიბნენ, სადაც მათ განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, თუმცა, მათი თქმით, ეს არ ნიშნავს ამ ოპოზიციური ძალების კოალიციურ გაერთიანებას. 


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 მარტს განაცხადა, რომ “ოპოზიციის საქმიანობა არაეფექტურია“.


“როგორც წესი, ოპოზიცია თავის საქმიანობას არჩევნების წინ ააქტიურებს. უახლოესი არჩევნები საქართველოში, ანუ ადგილობრივი არჩევნები, მომავალი წლის შემოდგომაზე ჩატარდება. და საუბრები [მთავრობის] დემონტაჟის შესახებ არჩევნებამდე ნაადრევია … ყველას წარმატებას ვუსურვებ მომავალ წელს არჩევნებში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ არჩევნებშიც კვლავ წარმატებას მივაღწევთ. თუ ვინმეს უნდა არჩევნებამდე რაიმეს დემონტაჟი ან დანგრევა, ეს ხალხი კონსტიტუციის ფარგლებს გასცილდება … ჩვენ დავიცავთ საქართველოს დემოკრატიას როგორც შიდა, ისე გარე ძალების შემოტევისგან“, დასძინა მან.


პრეზიდენტ სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას 26 მარტის განცხადება, რომლის მიხედვითაც “ხელისუფლებამ ქვეყანა დაღუპვის პირას მიიყვანა და დროა მისი [ხელისუფლების] დემონტაჟი დაიწყოს“.


თუმცა, გია ნოდია ეჭვობს, რომ ოპოზიციის საქმიანობა ძლიერი კოალიციის შექმნით დასრულდეს. “ისინი ვერ თანხმდებიან, თუ ვინ გახდება წამყვანი ძალა კოალიციაში. ისინი ვერ გადასცემენ ნათლად საზოგადოებას, თუ რისი შეთავაზება შეუძლიათ. ისინი ასევე ვერ ქმნიან იმ პოზიციას, რომელიც მთავრობის მიერ შეთავაზებული პოზიციის ალტერნატივა იქნებოდა. მათ არ გააჩნიათ სამოქმედო გეგმა, სტრატეგია. პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს ოპოზიცია არ არის რეალური ძალა და ამიტომაც არ აქცევს მის როლს ყურადღებას“, განაცხადა გია ნოდიამ.


29 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე სააკაშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია იმით, “რომ სწორედ ეს ძალები წარმოადგენენ ოპოზიციას“.

მსგავსი/Related

Back to top button