
პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში სამასამდე ცვლილება დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 25 მარტს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამტკიცებულ სამასამდე ცვლილებას “პრინციპული” უწოდა.
“ეს ცვლილებები გააუმჯობესებს სასამართლო ორგანოების მუშაობას და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს მნიშვნელოვნად გამოასწორებს“, განაცხადა 28 მარტს გამართულ ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ.
აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს წინასწარი პატიმრობის 9–თვიანი ვადის 4 თვემდე შემცირებას, ბრალდებულად ყოფნისა და სასამართლოში საქმის განხილვის 24–თვიანი ვადის განახევრებას, ასევე ბრალდებულის წინასწარი ჩვენება არ ჩაითვლება მტკიცებულებად, თუ მისი დადასტურება სასამართლოზე ხელახლა არ მოხდება.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებებით, გამოძიების მთელი ტვირთი შინაგან საქმეთა სამინისტროზე გადადის, თუმცა ამასთანავე იუსტიციის სამინისტროს ემატება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარი დანაშაულებების გამოძიების ფუნქცია, ხოლო სამხედრო დანაშაულს თავდაცვის სამინისტრო გამოიძიებს. ამასთან ძლიერდება საპროკურორო ზედამხედველობა.