ნავთობპროდუქტების მწარმოებლები პრეზიდენტს დახმარებას სთხოვენ
“ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი“ და ნავთობპროდუქტების შვიდი ადგილობრივი წარმოების ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს და დარგში შექმნილი “უკიდურესად მძიმე მდგომარეობის“ გამოსწორებას სთხოვს.
“ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტებით ხდებოდა კონტრაბანდული საწვავის დიდი ნაწილის ბაზრიდან განდევნა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ამ დარგის შევიწროვება და ფაქტობრივად განადგურების პირამდე მიყვანა წინა ხელისუფლების მხრიდან“, ნათქვამია ღია წერილში.
მეწარმეები აცხადებენ, რომ “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაჩენილი იმედებისა და პრეზიდენტის მხარდაჭერის მიუხედავად “გრძელდება ძველი პრაქტიკა“.
მეწარმეების განცხადებით, საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ნებართვის გაცემა ხელოვნურად ჭიანურდება, გაჩერებულია საწარმოები. “ამან გამოიწვია დარგის პარალიზება და შედეგად ბიუჯეტმა ვერ მიიღო მილიონობით ლარი… საგრძნობლად გაიზარდა კონტრაბანდული საწვავის რაოდენობა“, ნათქვამია წერილში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)