ახალი ამბები

შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი ოქმი მიიღეს

დღეს დასრულდა 16–17 მარტს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხებზე მოსკოვში გამართული შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების შეხვედრა, რომელზეც განიხილეს კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება და შსკ–ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების საკითხები.


შსკ–ს თანათავმჯდომარეებმა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა, რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა ვალერი კენიაკინმა და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელმა თეიმურაზ კუსოვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ პროტოკოლს. 


გოგა ხაინდრავას განცხადებით, პროტოკოლში მთავარი ადგილი დემილიტარიზაციის საკითხს უკავია, რომელიც კლიმატური პირობების გამო ზამთარში შეჩერებული იყო და უახლოეს პერიოდში განახლდება. “სწორედ ეს იყო ჩვენი შეხვედრის ერთ–ერთი მიზეზი, რათა შეგვეთანხმებინა დემილიტარიზაციის გრაფიკი და მისი განხორციელების კონკრეტული ვადები“, განაცხადა ხაინდრავამ.


კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შესახებ შეთანხმებას სოჭში გასული წლის 5 ნოემბერს აწ გარდაცვლილმა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მოაწერეს ხელი.


ვალერი კენიაკინმა 17 მარტს განაცხადა, რომ მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს ხანში შედგება შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს შორის.

მსგავსი/Related

Back to top button