ახალი ამბები

ბურჯანაძე: რუსულ ბაზებთან დაკავშირებული დადგენილების მიღება ნაადრევია

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 8 მარტს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არასწორი იქნებოდა რუსული ბაზების კანონგარეშედ გამოცხადების თაობაზე დადგენილების პროექტის მიღება. 


“მე, ისევე როგორც პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილმა], არ ვიცოდით ამის [დადგენილების პროექტის] შესახებ. მისი განხილვა მიმდინარე კვირას არ იგეგმებოდა“, განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.


გადაწყვეტილება რუსული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე 7 მარტს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული. ნინო ბურჯანაძე, რომელიც 7 მარტს გვიან ღამით დაბრუნდა გერმანიიდან, პარლამენტის ბიუროს სხდომას არ დასწრებია. სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდა დადგენილების პროექტის 9 მარტის სხდომაზე გატანა.


მისი თქმით, ამგვარი დადგენილების მიღება შეაფერხებს რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებს ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით.


თბილისში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  სერგეი ლავროვმა და მისმა ქართველმა კოლეგამ სალომე ზურაბიშვილმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ორი თვის განმავლობაში ექსპერტთა ჯგუფები აქტიურად განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემატურ საკითხებს, მათ შორის რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხს. სამუშაო ჯგუფები 9 მაისამდე მოამზადებენ წინადადებებს არსებული პრობლემების მოგვარების თაობაზე.

მსგავსი/Related

Back to top button