ახალი ამბები

სტუდენტები საპროტესტო აქციებს პარლამენტის შენობის წინ განაგრძობენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯის სტუდენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას კვლავ განაგრძობენ და  ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. ასამდე სტუდენტი  განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც კოლეჯის სტუდენტებს მოეხსნათ შეღავათები და სამედიცინო უნივერსიტეტში მოსახვედრად აბიტურიენტების მსგავსად მისაღები გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.


სტუდენტების განცხადებით, მათ კოლეჯის ხელმძღვანელობასთან გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ისინი სამედიცინო უნივერსიტეტში უგამოცდოდ, ავტომატურად ირიცხებოდნენ.


სტუდენტები პარლამენტის შენობის წინ პირველად 4 მარტს, პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის მოთხოვნით შეიკრიბნენ, თუმცა უშედეგოდ. დღეს სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს სოლიდარობის მიზნით უცხო ენათა კოლეჯის სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტები დაშლას არ აპირებენ, სანამ არ მოხდება ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათი უფლებების დაცვა.


 

Back to top button