ახალი ამბები

ზურაბიშვილი საზღვრის საერთაშორისო მონიტორინგზე კომენტარს აკეთებს

3 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს“ რუსეთ-საქართველოს საზღვრზე საერთაშორისო მონიტორინგის საკითხთან დაკავშირებით.


ეუთოს საზღვის მონიტორინგის მისია რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის 280-კილომეტრიან მონაკვეთზე მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთმა გასული წლის დეკემბერში ეუთოს მოდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ვეტო დაადო მისიის მანდატის გაგრძელებას.


სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება ბრიუსელში 2 მარტს ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ხავიერ სოლანასთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.


„თუმცა, ევროკავშირს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია [მონიტორინგის ოპერაციაში მისი როლის შესახებ]“, განაცხადა მან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან ეს საკითხი ასევე განიხილა ნატოს ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას. „ნატოს მონაწილეობა ამ [საზღვრის მონიტორინგის] მისიაში გამორიცხულია, რადგანაც ეს სამხედრო ალიანსია. თუმცა, იქ [ნატოში] ყველა აღიარებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებელთა ყოფნის აუცილებლობას“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


23-27 თებერვალს საქართველოს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის შეწყვეტის შედეგების შესწავლის მიზნით ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვია. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს მარტში მისია ევროკავშირის საბჭოს წარუდგენს.



 

Back to top button