ახალი ამბები

ბაღაფში: პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის უკან “კრიმინალები“ დგანან

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის უკან “კრიმინალური ელემენტები“ დგანან, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“.


“როგორც სჩანს, თავდასხმელები კრიმინალური ელემენტები იყვნენ … რომელთაც არ სურთ იცხოვრონ კანონის ფარგლებში“, განუცხადა ბაღაფშმა “რია ნოვოსტის“. მან აქვე დასძინა, რომ გარკვეული ძალები იმ რეფორმებს ეწინააღმდეგებიან, რომელთა გატარებასაც აფხაზეთის ახალი ხელმძღვანელობა გეგმავს.


“ამჟამად მიმდინარეობს სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობის საგანგებო სხდომა“, დასძინა ბაღაფშმა. 


უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის მანქანას 28 თებერვალს ცეცხლი გაუხსნეს. მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია.


აფხაზეთის ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი შემთხვევით გადაურჩა თავდასხმას, რადგანაც იგი ინციდენტის დროს ვიცე-პრემიერის ლეონიდ ლაკერბაიას მანქანაში იჯდა და არა საკუთარში.


აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მანქანას 17 ტყვია ესროლეს. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button