skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში არ აპირებს ალასანიასთან მოლაპარაკებების გამართვას

საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 19 თებერვალს სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვალერი ლოშჩინინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე არ გამართავს მოლაპარაკებებს თბილისთან, სანამ ქართულ მხარეს წარმოადგენს ირაკლი ალასანია, რომელიც აფხაზეთის დევნილ მთავრობის ხელმძღვანელობს.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ალასანია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხებში პირად წარმომადგენლად დანიშნა. ალასანია მარტში, ჟენევაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხზე გაეროს ეგიდით დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს. 


სერგეი ბაღაფშმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების განახლება მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე დასძინა, რომ მოლაპარაკებებზე მთავარი ყურადღება ეკონომიკურ საკითხებს უნდა მიექცეს.


ბაღაფშის თქმით, აფხაზური მხარე “რუსეთთან კონსულტაციებს გამართავს და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს [მოსკოვთან] შეათანხმებს”.


ლოშჩინინის თქმით, “ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოსაზრებების გაცვლა იმ საკითხებზე, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და აფხაზეთის წინაშე დგას … ჩვენ ძალიან გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენი აფხაზი კოლეგები მზად არიან მოლაპარაკებების განახლებისთვის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button