ახალი ამბები

ახალციხეში სამართალდამცავებმა სტუდენტები დააკავეს

დღეს სამართალდამცავებმა ახალციხეში საპროტეტო აქციის ორგანიზატორი ცხრა სტუდენტი დააკავეს, რომლებიც ორი დღის წინ დაპატიმრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ყოფილი რექტორის მერაბ ბერიძის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
 
ამის შესახებ ინფორმაცია “სივილ ჯორჯიას“ არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ-მესხთა კავშირის” წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მათი განცხადებით, დაკავებული სტუტენტები ამჟამად სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფებიან.
 
სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მერაბ ბერიძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას უკვე მეორე დღეა მართავენ. აქციის მონაწილეებმა 17 თებერვალს საქართველო-თურქეთის მაგისტრალური გზა გადაკეტეს.
 
მერაბ ბერიძე, რომელმაც რექტორის თანამდებობა პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე  15 თებერვალს დატოვა, სამართალდამცავებმა 16 თებერვალს სამხარეო პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს, როგორც  ფინანსურ მაქინაციებში ეჭვმიტანილი.

Back to top button