skip to content
ახალი ამბები

ლავროვი თბილისში ვიზიტისას დაღუპულ გმირთა მემორიალის შემკობაზე უარს აცხადებს

16 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საქართველოში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტამდე ორი დღით ადრე, იცვლება მისი ფორმატი და ვიზიტი “სამუშაო” ხასიათს იძენს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.


“საქართველოში რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლავროვი ვერ მივიდოდა დაღუპულ გმირთა მემორიალთან, მისი გვირგვინით შესამკობად, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკაში პროტოკოლით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმა.  ჩვენ ეს მიგვაჩნია, როგორც ძალიან არამეზობლური და არაადექვატური ჟესტი რუსეთის მხრიდან”, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა.


ამის მიუხედავად, ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო არ აპირებს სიტუაციის “ესკალაციას” და “რადგან საჭირო არის, რომ გაგრძელდეს დიალოგი, ჩვენ მივიღებთ ლავროვს სამუშაო ვიზიტის ფორმატში და არა ოფიციალურ ვიზიტად”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს თბილისში 18 თებერვალს ელოდებიან, თუმცა მხარეების მიერ გაკეთებული წინასწარი განცხადებებით ორი ქვეყნის ურთიერთობებში პროგრესს ამ შეხვედრის შედეგად არ ელიან.


მითუმეტეს, რომ ამ ვიზიტს წინ უსწრებდა 10-11 თებერვალს თბილისში რუსეთ-საქართველოს დელეგაციათა უშედეგო მოლაპარაკებები რუსული სამხედრო ბაზების გაყვანისა და ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე.

მსგავსი/Related

Back to top button