
ბაღაფში გეგმებზე საუბრობს
14 თებერვალს გაზეთ “როსიისკაია გაზეტა“ -სთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა რეგიონის ახალი ხელმძღვანელობის გეგმებზე ისაუბრა. ბაღაფშმა განაცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში რეფორმების გატარებას და სიტუაციის გაუმჯობესებას გეგმავს. მან თბილისს ძალის გამოყენების წინააღმდეგ მისცა გაფრთხილება.
ბაღაფშმა აღნიშნა, რომ ორი კვირის ვადაში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება და დასძინა, რომ ცვლილებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც და სხვა წამყვან უწყებებშიც იგეგმება.
“ყველაფერი 90%-ით შეიცვლება. უნდა მოვიდეს ახალი ხალხი, რომელიც არ დაუშვებს არეულობას, რომელიც უწინ არსებობდა. ჩვენ გავატარებთ გარკვეულ ღონისძიებებს, რომლებიც დისციპლინისა და წესრიგის გაძლიერებისკენაა მიმართული. ჩვენ შევცვლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას; იგი ახალი კადრებით დაკომპლექტდება. რეფორმები პროკურატურასა და სასამართლო სისტემაშიც განხორციელდება“, განაცხადა ბაღაფშმა.
“სამართალდამცავი სტრუქტურები თვალს ხუჭავდნენ კორუფციასა და ადამიანთა გატაცებების გახმაურებულ შემთხვევებზე. ჩვენ ამას ბოლოს მოვუღებთ“, დასძინა მან.
სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ეკონომიკის განვითარება ახალი ხელისუფლების კიდევ ერთი პრიორიტეტი იქნება.
“ვაპირებ მალე მოსკოვში ჩავიდე და შევხვდე ჩვენ [აფხაზ] სათვისტომოს. გარდა ამისა, გავმართავ მოლაპარაკებებს რუსეთის დიდი ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ თქვენს [რუსულ] ინვესტიციებში აფხაზეთში ურთიერთხელსაყრელი პირობებით და ინვესტორებისთვის სრული გარანტიებით “, განაცხადა ბაღაფშმა.
მისი თქმით, რუსეთის ბევრმა წარმომადგენელმა უკვე შეისყიდა აქტივები საქართველოში. “ეს ნორმალური პროცესია. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის ბიზნესის აქტიურ ჩართვას აქ [აფხაზეთში]“, დასძინა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
მან ასევე გააფრთხილა ქართული მხარე არ გამოიყენოს ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად. “ნუ დაგავიწყდებათ, რომ აფხაზეთის მოსახლეობის 80% რუსეთის მოქალაქეები არიან. და რუსეთი ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქეები საფრთხის არსებობის შემთხვევაში“, დასძინა ბაღაფშმა.