ახალი ამბები

გამყრელიძე ჟვანიას გადაცვალებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

“მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოითხოვა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხებს გამოიძიებს, “რადგან სამართალდამცავების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობაა”.


“იყო ეს [ჟვანიას დაღუპვა] უბედური შემთხვევა, თუ შეკვეთილი მკვლელობა? ეს კითხვა მუსირებს საზოგადოებაში მას შემდეგ, რაც შს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის ნაჩქარევმა და გაუაზრებელმა განცხადებებმა ეს ეჭვები გააჩინა”, განაცხადა პარლამენტის სხდომაზე დავით გამყრელიძემ 10 თებერვალს.


მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში უნდა ჩაერთონ ჟვანიას უახლოესი თანამებრძოლი დეპუტატები.

ამ ინიციატივის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ “უახლოეს ხანებში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და სიმართლე გაირკვევა”.


მისი თქმით, ამაში ჟვანიას ოჯახის შემდეგ უპირველესად ხელისუფლებაა დაინტერესებული და არც იმის საფუძველი არსებობს, რომ “ძალოვანების კომპეტენციაში ეჭვები შევიტანოთ”.


ბურჯანაძის განცხადებით მას შემდეგ, რაც გამოძიება თავის საბოლოო სიტყვას იტყვის, “თუ კიდევ დარჩება კითხვის ნიშნები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათზე პასუხის გასაცემად”.


 


 

Back to top button