ახალი ამბები

ქართულ-რუსული კომისია ჩარჩო ხელშეკრულების პროექტს განიხილავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის მოსამზადებელი კომისიის სხდომა გაიმართება.

ამ ხელშეკრულების გარშემო მოლაპარაკებები უკვე რამოდენიმე თვეა, რაც შეჩერდა. რუსული მხარე აცხადებს, რომ თბილისი თავს იკავებს ხელშეკრულების ტექსტში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლითაც საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარს იტყვის.


საქართველოს ხელმძღვანელობა საჯაროდ აცხადებს, რომ მესამე ქვეყნის სამხერდო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე არ განლაგდება. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახსნა, “იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით რთულია ამ დებულების ხელშეკრულებაში ასახვა. ძალიან ძნელია ისეთი ფორმულირების მოძებნა, სადაც [რუსეთის] ეს მოთხოვნა აისახება და ამავე დროს არ იქნება საქართველოს სუვერენიტეტი შელახული”.


ამასთან, 11 თებერვალს დაგეგმილია საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებათა მე-9 რაუნდი, სადაც განიხილება თბილისის მოთხოვნა ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით.

“საქართველოში არსებული რუსული სამხედრო ბაზების საკითხი უნდა განიხილებოდეს ანტიტერორისტული ცენტრისა ან ცენტრების შექმნასთან ერთობლიობაში, რომელიც რუსული ბაზების ინფრასტრუქტურის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს”, განუცხადა თბილისში მყოფმა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ სავოლსკიმ 9 თებერვალს “ინტერფაქსს”.


გასულ წელს საქართველომ რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ შესთავაზა რუსეთს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა.

Back to top button