ახალი ამბები

სააკაშვილმა პრემიერად ნოღაიდელი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ალანა გაგლოევამ 8 თებერვალს გვიან ღამით გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ–მინისტრის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.

გაგლოევამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ზურაბ ნოღაიდელს დაავალა ახალი მთავრობის ფორმირება ორი დღის ვადაში.

40 წლის ზურაბ ნოღაიდელი, გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას დიდ ხნის ახლო მეგობარი და მოკავშირე იყო. ნოღაიდელის პოლიტიკური კარიერა, ჟვანიასთან ერთად, 90–იანი წლების დასაწყისში, “მწვანეთა პარტიაში“ დაიწყო.

ნოღაიდელი 1992–1999 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 2000–2002 წლებში ექს–პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. ამავე თანამდებობაზე, მეორედ, ზურაბ ნოღაიდელი 2003 წლის ნოემბერში, “ვარდების რევოლუციიდან” რამოდენიმე დღეში დაინიშნა.

გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ–მინისტრად დასახელებას დაჟინებით მოითხოვდნენ პარლამენტართა და მთავრობის წევრთა ის ნაწილი, რომელიც ზურაბ ჟვანიას გუნდში მოიაზრებოდნენ.

ჯერ–ჯერობით არ სახელდება, თუ ვინ შეცვლის ნოღაიდელს ფინანსთა მინისტრის პოსტზე.

Back to top button