
კონსერვატორები: პრეზიდენტს მხარდაჭერას ვუცხადებთ
დღეს “კონსერვატორების” ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა, რომელმაც ხელისუფლების ოპოზიციაში ერთი წლის წინ გადაინაცვლა, განაცხადა, რომ “უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ალიანსს” არ აპირებს და პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს. თუმცა დავითაშვილმა აქვე დასძინა, რომ “კონსერვატორები” კვლავ ოპოზიციაში რჩებიან.
“როგორც ჩანს გორის ტერაქტის შემდეგ, რაც ზურაბ ჟვანიას სიკვდილმა გადაფარა, გაძლიერდა მტრულად განწყობილი ძალების ზეწოლა საქართველოზე. სწორედ ამიტომ კონსერვატორების სახელით მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომლის განწყობაც გვაფიქრებინებს, რომ ზეწოლა მართლაც დიდია”, განაცხადა 8 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე კობა დავითაშვილმა.
სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლის კობა დავითაშვილის ოპოზიციაში გადასვლა ჟვანიას ფაქტორმა განაპირობა. იგი ერთი წლის წინ აკრიტიკებდა პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებით განხორციელდა.
დავითაშვილი ამჟამადაც მოითხოვს ქვეყნის კონსტიტუციური მოდელის შეცვლას და პრემიერ-მინისტრის პოსტის გაუქმებას.