
კოკოშინი: თბილისი სამხრეთ ოსეთში სიტუაციის გამწვავებას გეგმავს
რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კოკოშინმა 8 თებერვალს “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს უარი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ძალისმიერ მოგვარებაზე.
“უამრავი ნიშანი არსებობს იმისა, რომ თბილისი ჯერ არ აპირებს უარი თქვას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარების გეგმებზე. გამორიცხული არ არის, რომ თბილისი შეეცდება სამხრეთ ოსეთში გაზაფხულისთვის სიტუაცია გაამწვავოს“, აცხადებს “რია ნოვოსტი“ კოკოშინის სიტყვებზე დაყრდნობით.
5 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა თურქეთში გამართული შეხვედრის დროს საქართველოს საკითხი განიხილეს. ორივე მათგანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.