ახალი ამბები

პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას დაკრძალვაზე გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ცხედარი იყო დასვენებული, გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა.
 
“არც ერთი ადამიანი ამ ქვეყნიდან ასე უაზროდ არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ცოტა ადამიანი ვიცი, რომელმაც ისე აზრიანად იცხოვრა, როგორც ჩვენმა მეგობარმა – ზურაბ ჟვანიამ“, განაცხადა პრეზიდენტმა.
 
“ვერ წარმომედგინა, რომ აქ, ამ სიტუაციაში მომიწევდა ყოფნა. ჩვენთვის, ყველასთვის ეს ბოლო ოთხი დღე დიდი ცხოვრებისეული გამოცდა იყო. მინდა ვთქვა, რომ ვიტანთ ამ ყველაფერს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტის თქმით, პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ყველა ქვეყნის პირველმა პირმა, რამაც ცხადყო, თუ როგორი “დაფასებული იყო ზურაბ ჟვანია“.
 
პრეზიდნეტის განცხადებით, მიუხედავად ამ “მწუხარებისა, პესიმიზმისა,  ცინიზმისა” საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა და “ეს ყველამ ერთად ზურაბ ჟვანიას მცდელობით გავაკეთეთ“.
 
პრეზიდენტმა საზოგადეობას შიშის დაძლევისკენ მოუწოდა, საქართველოსადმი არაკეთილგანწყობილებს მიანიშნა, რომ საქართველოს ძლიერების ხელყოფის იმედი და ილუზია არავის უნდა ჰქონდეს.


“თუ ჩვენ გვინდა ვისწავლოთ გამარჯვება, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ტრაგედიაში გაერთიანება. ზურაბ ჟვანია აღარ არის მაგრამ, ჩვენ ყველანი ცოცხლები ვართ, საქართველო გახდება ძლიერი, ეს არის ჩენი მოვალეობა ზურაბ ჟვანიას ხსოვნის წინაშე”, განაცხადა პრეზიდენტმა.

Back to top button