ახალი ამბები

ლავროვისა და რაისის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა თურქეთში 5 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი განიხილეს, იუწყება “იტარ-ტასი” 6 თებერვალს.


“Associated Press”-ი კონდოლიზა რაისის სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისუფალი პრესისა და დემოკრატიის სხვა საფუძვლების მიმართ ვალდებულება და ითანამშრომლოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან – საქართველოსა და უკრაინასთან, სადაც დემოკრატია იკიდებს ფეხს.


“ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ კონდოლიზა რაისს, თუ ამჟამად რა ნაბიჯებს ვდგამთ საქართველოსთან დიალოგის განვითარებისათვის. მათ შორის იმ დოკუმენტებზე მოლაპარაკებების შესახებ, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს [თბილისთან] შეთანხმება. ესენია: ჩარჩო ხელშეკრულება, სამხედრო და რუსეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხები და რუსეთის საშუამავლო მცდელობები, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების დარეგულირებისკენაა მიმართული”, განაცხადა ლავროვმა.


კონდოლიზა რაისმა და სერგეი ლავროვმა ერთხმად აღნიშნეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს, იტყობინება “იტარ-ტასი”.
 

Back to top button