
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მოსკოვში მოკლეს
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 5 თებერვალს 17 საათზე საკუთარი სახლის წინ დაუდგენელმა პირებმა ავტომანქანაში ჩაცხრილეს 38 წლის ქართველი ბიზნესმენი, ნიჟნევორტოვსკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი მამუკა ჯინჭარაძე.
რუსი სამართალდამცავების ცნობით, ჯინჭარაძეს მოხვედრილი ჰქონდა შვიდი ტყვია და იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
მამუკა ჯინჭარაძე, ნიჟნევორტოვსკში 1988 წლიდან ცხოვრობდა.
მამუკა ჯინჭარაძეს მცირე ინციდენტი საქართველოს ხელისუფლებასთან გასული წლის მარტში მოუხდა. ჯინჭარაძეს, რომელიც 30 მარტს უშიშროებამ დააკავა, სამართალდამცავები 2 მლნ ლარს მას შემდეგ ედავებოდნენ, რაც მის მიერ კერძო ფირმისგან დაქირავებულმა ვერტმფრენმა ავარია განიცადა. მოგვიანებით რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა საქართველოს ხელისუფლებას ახალი ვერტმფრენი გადასცა, რითაც აღნიშნული ინციდენტი ამოიწურა.
მამუკა ჯინჭარაძის სახელს ასევე უკავშირდება საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობა.