ახალი ამბები

ჟვანია სანაოსნოს გაყიდვის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს უსაფუძვლოს უწოდებს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს რადიო “იმედის“ პირდაპირ ეთერში კომენტარი გააკეთა “საოკეანო სანაოსნოს“ პრივატიზებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე და მას “უსაფუძვლო” უწოდა.


პრემიერ-მინისტრმა 25 იანვარს გამარჯვებულ კომპანიად ბრიტანული კომპანია Armstrong holdings corporation-ი და ავსტრალიური ASP Ship management-ი დაასახელა, თუმცა მოგვიანებით ავსტრალიური კომპანიის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ უცხოურ ჟურნალში უარყო ინფორმაცია სანაოსნოს შესყიდვასთან დაკავშირებით.
 
“ჩემი შეცდომა იყო, როდესაც თავიდან გამარჯვებულ კომპანიად ბრიტანულ-ავსტრალიური კონსორციუმი დავასახელე. ამ კომპანიებს ერთობლივი კონსორციუმი შექმნილი არ აქვთ. სანაოსნოს მფრობელი 2004 წელს  დაფუძნებული Armstrong holdings corporation-ია,  ASP Ship management-ი კი მხოლოდ შეძენილი გემების მენეჯმენტს განახორციელებს“, განმარტა დღეს პრემიერ-მინისტრმა.
 
ზურაბ ჟვანიას თქმით, ხელისუფლებისთვის, სანაოსნოს შესყიდვით დაინტერესებული შვიდი კომპანიიდან, ყველაზე მისაღები პირობები აღნიშნულ კომპანიას ჰქონდა, რომელიც პრივატიზების პროცესში მოგვიანებით, განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე,  10 იანვარს ჩაერთო და სანაოსნოს შესყიდვისთვის 161 მლნ დოლარის გადახდაზე განაცხადა თანხმობა.

“Armstrong holding”-მა “საოკეანო სანაოსნო” 161 მლნ დოლარად იყიდა, საიდანაც 72 მლნ დოლარი ვალების დაფარვას მოხმარდება, ხოლო დანარჩენი 89 მლნ დოლარი საქართველოს ბიუჯეტში შევა.

პრემიერ-მინისტრი ოპონენტების განცხადებებს “უკანონოდ განხორციელებული  პრივატიზების შესახებ“ “უსინდისობას” უწოდებს და აცხადებს, რომ პირველად საქართველოში ობიექტების პრივატიზება არა “გროშებად, არამედ რეალურზე უფრო მაღალ ფასებში ხდება“.   
 

Back to top button