ახალი ამბები

ზუგდიდში ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი გარდაიცვალა და სამი დაიჭრა

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში განლაგებულ საგუშაგოს 30 იანვარს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, სამი კი – დაიჭრა.


ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმელები შესაძლოა იმავე კრიმინალურ დაჯგუფებას მიეკუთვნებიან, რომლებიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტრაბანდულ საქმიანობას ეწევიან.  


სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის გიგი უგულავას ინფორმაციით, კონტრაბანდის მასშტაბები მას შემდეგ შემცირდა, რაც ქართულმა მხარემ აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე საგუშაგოები გააძლიერა.


“მიუხედავად ამ უკანასკნელი ინციდენტისა, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, პირიქით, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ საგუშაოებს“, განაცხადა გიგი უგულავამ 31 იანვარს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ქართულ სოფლებში მას შემდეგ განათავსეს, რაც შეიარაღებული ჯგუფი 11 იანვარს ქართულ სოფელ განმუხურს თავს დაესხა.

Back to top button