
საქართველოს ხელისუფლება პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე და მაღალი რანგის სხვა მოხელეები, რომლებიც შვეიცარიის კურორტ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში იღებენ მონაწილეობას, მოლაპარაკებებს აწარმოებენ უცხოური კომპანიების წარმომადგენლებთან ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, იტყობინება ქართული მედია 29 იანვარს.
“ჩვენ უკვე გავმართეთ მოლაპარაკებები წამყვან სადაზღვევო კომპანიასთან American International Group, Inc. (AIG), რომელიც წელს თბილისში ოფისის გახსნას გეგმავს. როგორც იცით, ჩვენ ვაპირებთ სადაზღვევო კანონმდებლობის ლიბერალიზაციას; ამგვარად, საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება ამ კომპანიისთვის. ორშაბათს ჩვენ Vitol Group-ის წარმომადგენლებს შევხვდებით ციურიხში. ამ კომპანიას საქართველოში ტრანსპორტის სფერო აინტერესებს. ჩვენ ასევე ვაწარმოეთ მოლაპარაკებები კომპანია “რუსულ სისტემებთან“, განაცხადა კახა ბენდუქიძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.
The American International Group, Inc. (AIG), მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანმა სადაზღვევო და საფინანსო მომსახურების კომპანიამ, რომელიც 130-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს, გასულ ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისში ოფისის გახსნას გეგმავს. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩადებდა ინვესტიციებს საქართველოში, თუ ქვეყანა ახალ სადაზღვევო კანონმდებლობას მიიღებდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ კომპანია Vitol Group -ის დელეგაცია 25 იანვარს საქართველოში ჩამოვიდა. კომპანია ბათუმის ნავთობისა და გაზის ტერმინალის ინფრასტრუქტურის პრივატიზებითაა დაინტერესებული.