
აფხაზური პასპორტების გაცემა დაიწყება
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, გაზაფხულიდან აფხაზეთის მოსახლეობაზე აფხაზური პასპორტების გაცემა დაიწყება.
“ეს იქნება ე.წ. შიდა პასპორტები, რომლითაც მოქალაქეებს სხვა ქვეყანაში გადაადგილების საშუალება არ მიეცემათ”, განაცადა 28 იანვარს ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ.
ამ დრომდე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მაცხოვრებლები ე.წ. N9 მოწმობებით, საბჭოთა კავშირის დროინდელი და რუსეთის პასპორტებით სარგებლობდნენ. თბილისმა არაერთხელ გამოხატა პროტესტი რუსეთის პოლიტიკის მიმართ, რომლის შედეგადაც აფხაზებს რუსეთის მოქალაქეობა ენიჭებოდათ.
ბაღაფშის განცხადებით, აფხაზური პასპორტების გაცემის შემდგომაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძალაში დარჩება რუსული პასპორტები.
27 იანვარს “ეხო მოსკვი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში სერგეი ბაღაფშმა კომენტარი გააკეთა პასპორტების თემაზე, რომლის დროსაც აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ აიძულა აფხაზები აეღოთ რუსული პასპორტები.
“[1999-2000 წწ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში] ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს შევთავაზე შევარდნაძეს, რომ დაგვეშვა საერთაშორისო პასპორტები აფხაზეთში, რათა ხალხს საზღვარგარეთ გასვლის შესაძლებლობა მისცემოდა…მე გავაფრთხილე იგი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ [აფხაზები] რუსეთის მოქალაქეები გავხდებოდით. თუმცა მან უარი თქვა ჩემს შეთავაზებაზე. ქართველებმა მხარი არ დაუჭირეს ჩვენს ინიციატივას არც გაეროს პასპორტების თაობაზე, შედეგად კი ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ [რუსეთის სასარგებლოდ] და ვფიქრობ, რომ ეს სწორი არჩევანი იყო”, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.