ახალი ამბები

დსთ-ს სეპარატისტული რეგიონები ურთიერთკოორდინირებას აპირებენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ახლად არჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც მოსკოვში იმყოფება, 27 იანვარს რადიოსადგურ “ეხო მოსკვი”-ს განუცხადა, რომ არაღიარებულ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის რესპუბლიკებს და ასევე მთიან ყარაბაღს პოლიტიკის კოორდინირების მცდელობა აქვთ.


დსთ-ს სივრცის სეპარატისტული რეჟიმების ლიდერები – სერგეი ბაღაფში აფხაზეთიდან, ედუარდ კოკოითი სამხრეთ ოსეთიდან და იგორ სმირნოვი დნესტრისპირეთიდან მიმდინარე კვირაში ერთდროულად სტუმრობდნენ მოსკოვს.


ბაღაფშის აცხადებს, რომ იგი არ შეხვედრია მოსკოვში მყოფ სეპარატისტთა ლიდერებს, თუმცა აქვე დასძენს, “შევეცდებით ჩვენი მოქმედებების კოორდინირებას დნესტრისპირეთთან, სამხრეთ ოსეთთან და ყარაბაღთან და ამ კუთხით ჩვენს შორის სრული ურთიერთგაგება არსებობს”.


კითხვაზე, თუ როგორ ესახება თვითგამოცხადებული რეგიონების მომავალი ბედი, ბაღაფშმა დარწმუნებით უპასუხა, რომ ეს რეგიონები დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას მიაღწევენ. “მე არა მხოლოდ მჯერა ამის, არამედ დარწმუნებულიც ვარ… საერთაშორიო საზოგადოება იპოვის გზას ამის [თვითგამოცხადებული რეგიონები დამოუკიდებლობის აღიარების] გასაკეთებლად”, დასძინა ბაღაფშმა.

Back to top button