ახალი ამბები

სერგეი ბაღაფში ქართველ დევნილებზე კომენტარს აკეთებს

27 იანვარს რუსულ რადიოსადგურ “ეხო მოსკვი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ იძულებით გადაადგილებული ქართველები, რომელთაც 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ დატოვეს აფხაზეთი, თანდათან ბრუნდებიან უკან. თუმცა, აქვე დასძინა, რომ აფხაზური მხარე “მკაცრად აკონტროლებს“ მოსახლეობის მოძრაობას აფხაზეთის ტერიტორიაზე.


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში სისხლიანი კონფლიქტი წამოიწყო, არის დამნაშავე   ათიათასობით ეთნიკური ქართველის აფხაზეთიდან გაქცევის გამო.


“რაც შეეხება დევნილთა დაბრუნებას, ჩვენ უკვე დავიწყეთ ეს პროცესი. 60.000-მდე ქართველი დევნილი უკვე დაბრუნდა გალის რაიონში. და მინდა გაცნობოთ, რომ ეთნიკური ქართველი მოსახლეობა ალბათ ცოტათი ნაკლებია, ვიდრე ეთნიკური აფხაზები აფხაზეთის ყველა რაიონში … მაგრამ ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ მოსახლეობის მოძრაობას ჩვენს ტერიტორიაზე დივერსიებისა და ტერორისტული საფრთხის გამო“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.


ამ განცხადებით სერგეი ბაღაფშმა შეარბილა თავისი პოზიცია დევნილთა დაბრუნების თაობაზე. 25 იანვარს, ბაღაფშმა “იტარ-ტასს“ განუცხადა, რომ “შეუძლებელია იმ დევნილთა დაბრუნება, რომელთაც აფხაზეთი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დატოვეს“.  

Back to top button