
სამხრეთ ოსეთის სტატუსზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს
დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტის ინიციატიცის საფუძველზე სამხრეთ ოსეთის სტატუსის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე იმუშავებს.
ჯგუფის შემადგენლობაში, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თავად ჩაუდგება სათავეში, შევლენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამხრეთ ოსეთის სტატუსის სამართლებრივი ბაზის მომზადებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია, რომლის დელეგაციაც კომისიის მდივნის ჯანი ბუკიკიოს ხელმძღვანელობით ამჟამად თბილისში იმყოფება. დღეს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი მასპინძლობდა.
“მოხარული ვართ, რომ ვენეციის კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა დაგვეხმაროს სამხრეთ ოსეთის სტატუსის სამართლებრივ მომზადებაში”, განაცხადა 27 იანვარს გიორგი პაპუაშვილმა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას დააჟღერა თბილისის წინადადებები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ამ რეგიონისთვის “ფართო ავტონომიიის” მინიჭებას ითვალისწინებს.