
ბაღაფში სააკაშვილის განცხადების გამო პროტესტს გამოთქვამს
მოსკოვში ვიზიტის დროს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აფხაზეთის თაობაზე გაკეთებული განცხადებები “ფაქტიურად ომის გამოცხადებას ნიშნავდა“.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა გამორიცხა. მან აღნიშნა, რომ “აფხაზურმა მხარემ დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა“ და ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის დროს აფხაზეთიდან ასიათასობით ეთნიკური ქართველი გამოაძევეს.
“ეს განცხადება ფაქტიურად ომის გამოცხადებას ნიშნავს. თუ სააკაშვილს სურს ასე გველაპარაკოს [აფხაზურ მხარეს], ჩვენ მზად ვართ ამისათვის“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი” სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.