ახალი ამბები

სუუამის წარმომადგენლები მოლდოვაში იკრიბებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სუუამის საკოორდინაციო კომიტეტი 27 იანვარს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში იკრიბება, სადაც განიხილება ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს – საქართველოს, უკრაიანას, უზბეკეთს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის საკითხები.


თუმცა უზბეკეთის წარმომადგენლები შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებენ. უზბეკეთი სუუამის სამიტებში მონაწილეობისაგან ბოლო თვეების განმავლობაში თავს იკავებს.


უზბეკეთის დელეგაცია არ იყო წარმოდგენილი გასული წლის სექტემბერში ნიუ-იორკში გამართულ სუუამის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე, ისევე როგორც უკრაინაში გამართულ სუუამის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების ღონისძიებას არ დასწრებია 2004 წლის სექტემბერში.


სუუამი 1997 წელს შეიქმნა, რომლის მიზანიც პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება იყო წევრ სახელმწიფოებს შორის. უზბეკეთი სუუამში მოგვიანებით, 1999 წელს გაწევრიანდა.

Back to top button