ახალი ამბები

“მემარჯვენე ოპოზიცია” მთავრობას პრივატიზაციის გამო აკრიტიკებს

საპარლამენტო ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერმა დავით გამყრელიძემ 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე გააკრიტიკა მთავრობა არაგამჭვირვალედ წარმართული პრივატიზაციის გამო, რის მაგალითადაც “საოკეოანო სანაოსნოსა” და “ჭიათურმანგანუმის” პრივატიზაციის პროცესი დაასახელა.


გამყრელიძის განცხადებით, პრივატიზაციის პროცესი ფარული გარიგებების გზით მიმდინარეობს, “ვაჭრობა ზურაბ ჟვანიასა და ბენდუქიძის კაბინეტებში მას შემდეგაც გრძელდება, როცა კონკურსი დამთავრებულია და კონვერტები გახსნილია”, დასძენს გამყრელიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ჟვანიას, სახელმწიფო მინისტრ ბენდუქიძეს და ეკონომიკის განვითარების მინისტრს ლექსო ალექსიშვილს “მაფიოზური ჯგუფის შექმნაში” ადანაშაულებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.


“პრივატიაზცია ისე უნდა განხორციელდეს, რომ ეს ქონება ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ ბენდუქიძის ახლობელი ოლიგარქებისათვის, არამედ საზოგადოების ფართო ფენებისთვისაც”, აცხადებს მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერი.


ამასთან, გამყრელიძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არ დაუშვან გაზის მაგისტრალური მილსადენის გასხვისება, რაც პრივატიზაციის შესახებ საქართველოს კანონით პირდაპირ იკრძალება, “წინააღმდეგ შემთხვევაში თავის საქმიანობას გისოსებს მიღმა დაასრულებენ”.


გამყრელიძე ასევე შეახსენებს მთავრობას ენერგეტიკულ საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტივენ მანის პოზიციას, რომელიც გამყრელიძის თქმით, დაუშვებლად მიჩნევს გაზის მაგისტრალური მილსადენის “გაზპრომისთვის” მიყიდვას, რაც ასევე პრობლემებს შეუქნის შაჰ-დენიზის გაზსადენის მშენებლობას.  


გამყრელიძის ბრალდებებს სპეციალური ბრიფიგი მიუძღვნა 26 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ, რომელმაც ოპოზიციის მხრიდან მთავრობის წარმატებული პრივატიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა ახსნა ამ პროცესში მათი კერძო ინტერესების იგნორირებით.


ბოლოდროინდელი უმსხვილესი საპრივატიზაციო გარიგებების შედეგად მთავრობამ “ჭიათურმანგანუმი” და ვარციხე ჰესების კასკადი ერთიან პაკეტში 132 მლნ აშშ დოლარად, ხოლო “საოკეანო სანაოსნო” 89 მლნ დოლარად გაყიდა.

Back to top button