ახალი ამბები

სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთს აკრიტიკებს

საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის პოლიტიკა.


სააგენტოს ცნობით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა “ყველა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევით“ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. “ამის შემდეგ ჩვენ გვეუბნებიან [რუსეთი]: იქ [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში] ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენ გვაქვს უფლება იქ ჯარები და ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლები გავაგზავნოთ, პირდაპირ ვუკარნახოთ, თუ ვინ უნდა აირჩიონ მათ [მოქალაქეებმა], როდის და როგორ“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


“როდესაც [რუსეთის] მორდოვიის უშიშროების სამსახურის უფროსს სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელად ნიშნავენ, როდესაც ციმბირის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის მოადგილეს სამხრეთ ოსეთის მთავრობის მთავარ სამხედრო მრჩევლად ნიშნავენ, ჩვენ აღარ ვსაუბრობთ საკადრო ცვლილებებზე [რუსეთში]“, განაცხადა სააკაშვილმა.


მან აღნიშნა, რომ საქართველოს სურს რუსეთთან პარტნიორობა, თუმცა დასძინა, რომ “ნებისმიერი კომპრომისი – ეს არის ორმხრივი” პროცესი.


სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის პოლიტიკა თურქ-მესხებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთმა “დაარღვია ყველა არსებული ნორმები და მათ პრაქტიკულად გეტოში ამყოფებს“, უარს ეუბნება რა მათ რუსეთის მოქალაქეობაზე.

ევროპის საბჭოში შესვლისას საქართველომ იკისრა ვალდებულება სტალინის მიერ ცენტრალურ აზიაში დეპორტირებული ე,წ თურქი მესხების საქართველოს სამხრეთ რაიონებში რეპატრიაციის თაობაზე.  

Back to top button