ახალი ამბები

მოსკოვში “სეპარატისტთა სამიტი“ მიმდინარეობს

რუსული გაზეთი “კომერსანტი“ იუწყება, რომ დსთ-ის სეპარატისტული რეგიონების ლიდერები რაულ ხაჯიმბა და სერგეი ბაღაფში აფხაზეთიდან, ედუარდ კოკოითი სამხრეთ ოსეთიდან და იგორ სმირნოვი დნესტრისპირეთიდან ერთდროულად იმყოფებიან მოსკოვში. გარდა ამისა, რუსეთში იმყოფება ასევე ვიქტორ იანუკოვიჩი, მოსკოვის რჩეული კანდიდატი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში.


პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ანალოგიური ვიზიტი განხორციელდა 2003 წლის ბოლოს, საქართველოში “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და აჭარის ლიდერები რუსეთს ეწვივნენ.


ამჯერად, “კომერსანტის“ ვარაუდით, რუსეთი ცდილობს ძალის დემონსტრირებას “ყველა ლიდერის გამოძახებით, რაც შესაძლოა შემდგომ პოლიტიკურ თამაშში სასარგებლო აღმოჩნდეს“.


გაზეთის ცნობით, სანამ მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო ევროპისკენ თავიანთი მისწრაფებების გასაჟღერებლად სტრასბურგში იმყოფებიან, მოსკოვი შეხვედრას აწყობს მისდამი მეგობრულად განწყობილი ლიდერებისთვის, სადაც სეპარატისტული ხასიათის პოლიტიკური  განცხადებები კეთდება.  


 

Back to top button