
გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთის კონფლიქტი განიხილა
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ჰეიდი ტალიავინიმ 25 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების თაობაზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის დასრულება საშუალებას აძლევს მხარეებს განაახლონ მშვიდობიანი მოლაპარაკებები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.
მისი თქმით, აფხაზურმა მხარემ 2004 წლის ივლისში მას შემდეგ განაცხადა უარი მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, რაც საქართველოს სანაპირო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა თურქულ გემს, რომელიც აფხაზეთის მიმართულებით მიცურავდა. თუმცა, ახლა აფხაზური მხარე თანახმაა განაახლოს მოლაპარაკებები, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “როიტერი“.
გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი, არგენტინის წარმომადგენელი სეზარ მაიორალი 25 იანვარს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აცხადებს, რომ “უშიშროების საბჭოს წევრები ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.