ახალი ამბები

რუსეთის მიმართ საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაცია სპეციალური შეთანხმებით დარეგულირდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც მოსკოვში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა,  24 იანვარს რუსულ მხარეთან ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის მიერ ადრე გაცემული კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს ვალის დარეგულირების შესახებ.


აღნიშნული დოკუმენტი გასული წლის 21 ივლისს პარიზის კლუბში კრედიტორებთან საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა.


პარიზის კლუბთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით გადავადებული 160 მლნ აშშ დოლარიდან, რუსეთის მიმართ საქართველოს ვალზე 94,43 მლნ აშშ დოლარი მოდის, რაც ძირითადი ვალის 156,58 მლნ დოლარის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.


საქართველო 94, 43 მლნ აშშ დოლარიდან 16, 67 მლნ აშშ დოლარს 2006 წლამდე, ხოლო ნარაჩენ 77,76 მლნ დოლარს 2011-2025 წლებში დაფარავს.


ამას გარდა, 44,82 მლნ დოლარის ოდენობის ვალს, რომელიც  პარიზის კლუბმა 2001 წელს გადაავადა, საქართველო რუსეთს 2005-2021 წლებში გადაუხდის.


აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციას, საქართველოს მიმართ რუსეთის “ვნეშეკონომბანკის“ 50-მილიონიანი ვალის ჩამოწერის სანაცვლოდ დათანხმდა.  როგორც აღმოჩნდა, ეს ვალი არ იყო გათვალისწინებული ე.წ “ნულოვან ვარიანტში”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2001 წელს მიიღო და რომლითაც რუსეთ-საქართველოს შორის საბჭოთა პერიოდის დროინდელი ფინანსური ვალდებულებები გადაიხედა.  

Back to top button