
“საოკეანო სანაოსნოს” მფლობელი ბრიტანულ-ავსტრალიური კონსორციუმი გახდა
შპს “საოკეანო სანაოსნოს“ მფლობელი საერთაშორისო ბრიტანულ-ავსტრალიური კონსორციუმი “არმსტრომ ჰოლდინგი“ გახდა, რომელიც კომპანიაში161 მლნ აშშ დოლარს იხდის. პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას განცხადებით, რომელმაც გამარჯვებული კომპანია 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე დაასახელა, ამ თანხის ნაწილი 72 მლნ ოდენობის ვალების დაფარვას მოხმარდება, 89 მლნ კი ბიუჯეტში ჩაირიცხება.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ცნობით, სანაოსნოს ვალის საერთო რაოდენობა 72 მლნ დოლარს შეადგენს. კომპანიის კუთვნილი 15 გემიდან 13 გირაოს სახით ერთ-ერთ გერმანულ ბანკშია ჩადებული. პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ ამ ბანკში გადაირიცხება არსებული დავალიანება.
ზურაბ ჟვანიას განცხადებით, 50 მლნ დოლარს კონსორციუმი თებერვალში გადაიხდის, დანარჩენი თანხა კი წლის ბოლომდე დაიფარება.
“კონსორციუმი ვალდებულებას იღებს 12 წლის განმავლობაში საოკეანო სანაოსნოში დასაქმებული [700] მეზღვაურები სამსახურიდან არ გაათავისუფლოს. ასევე გეგმავს გემების რაოდენობის 15-დან 30-მდე გაზრდას“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობა, რომელიც საოკეანო სანაოსნოს აქციათა 100%-ის მფლობელია, “არმსტრომ ჰოლდინგთან“ კომპანიის მიყიდვის თაობაზე მემორანდუმს სავარაუდოდ 20 დღეში გააფორმებს.
“საოკეანო სანაოსნოს” შესყიდვით შვიდი კომპანია იყო დაინტერესებული. მათ შორის იყო “გრინოუქ გრუფი“, რომელმაც 17 დეკემბერს საქართველოს მთავრობასთან სანაოსნოს 107 მლნ დოლარად შესყიდვაზე წინასწარი შეთანხმება გააფორმა. თუმცა “გრინოუქი” სანაოსნოსთან ერთად ამ ფასად ნავმისადგომებისა და მიწის ნაკვეთის შეძენის სურვილსაც გამოთქვამდა.