ახალი ამბები

სოფელ თამარაშენის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ თამარაშენის მოსახლეობამ ცხინვალის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტა, ისინი ოლეგ ფუხაევის ცხინვალში გადაყვანას აპროტესტებდნენ. 


ოლეგ ფუხაევი ქართულმა პოლიციამ 19 იანვარს დააკავა. მას გასული წლის თებერვალში სოფელ თამარაშენის ორი მაცხოვრებლის მკვლელობაში ედება ბრალი.


24 იანვარს ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, თბილისი დათანხმდა ოლეგ ფუხაევი ცხინვალში განთავსებული შერეული სამშვიდობო ძალების იზოლატორში გადაეყვანათ და ერთობლივად გამოეძიათ მკვლელობის საქმე, რომელშიც სავარაუდოდ ფუხაევიც მონაწილეობდა. სანაცვლოდ, სამხრეთ ოსეთის მხარემ გაათავისუფლა ფუხაევის ნათესავების მიერ დაკავებული ქართველი პოლიციელი.


სოფელ თამარაშენის მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მას “პოლიციელის კრიმინალში გაცვლის“ შეფასებას აძლევს.


შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოფელ თამარაშენის მოსახლეობის პროტესტი “სამართლიანია“.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლეგ ფუხაევის გადაყვანა შერეული სამშვიდობო ძალების იზოლატორში სულაც არ ნიშნავს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის გათავისუფლებას.


კიდევ ერთ ქართულ სოფელ კეხვში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები გასულ წლის ნოემბრიდან გაუჩინარებული ელდარ კახნიაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
  

მსგავსი/Related

Back to top button