
სერგეი ბაღაფში თბილისთან ურთიერთობებზე საუბრობს
მოსკოვში 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე აფხაზეთის ახლადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა თბილისთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოხუმი მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს ქართულ მხარესთან, თუმცა გამორიცხა ქართველ დევნილთა დაბრუნება აფხაზეთში.
“შეუძლებელია იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, რომელთაც აფხაზეთი კონფლიქტის [1992-93] დროს დატოვეს“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
“აფხაზური მხარე მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს თბილისთან, იმ შემთხვევაში თუ აღსდება ურთიერთნდობა“, განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ “პოზიციების დაახლოება ეკონომიკური საკითხების განხილვით უნდა დაიწყოს“.
“როდესაც ნორმალური ეკონომიკური განვითარება ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის შექმნას არა მარტო აფხაზეთში, არამედ საქართველოშიც, შესაძლებელი გახდება პოლიტიკური პრობლემების მოგვარებისკენ გადასვლა“, განაცხადა ბაღაფშმა.
სერგეი ბაღაფშმა, რომელიც მოსკოვში ახლადარჩეულ ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან ერთად იმყოფება, აღნიშნა, რომ სოხუმი ელის ქართული მხარის წინადადებებს, რომელთა გახმოვანებასაც პრეზიდენტი სააკაშვილი ახლო მომავალში აპირებს.
“სოხუმში ეს დოკუმენტი ჯერ არავის უნახავს. თუმცა, თუ წინადადებები ადექვატური იქნება, მზად ვართ ისინი განვიხილოთ“, დასძინა ბაღაფშმა.