
კოკოითი სააკაშვილის სამშვიდობო გეგმას უარყოფითად ეხმაურება
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა უარი თქვა შეთავაზებაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ 26 იანვარს გააჟღერა.
კოკოითმა, რომელიც ამჟამად მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებთან კონსულტაციებს მართავს, სააგენტო “ინტერფაქსს” განუცხადა, რომ ფართო ავტონომიასთან დაკავშირებით თბილისის წინადადებები არსებითი არ არის.
“სამხრეთ ოსეთმა უკვე განსაზღვრა თავისი სტატუსი. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამ სტატუსის გადახედვა არ იგეგმება”, განაცხადა კოკოითმა.
“მთელი ჩვენი ისტორია იმის დასტურია, რომ საქართველოს ფარგლებში ავტონომია უსაფრთხოების გარანტიებს არ უქმნის ოს ხალხს”, დასძენს იგი.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობისაგან ამგვარი რეაქცია და სამშვიდობო წინადადებებზე უარი მოსალოდნელი იყო. თუმცა, თბილისი იმედოვნებს, რომ ორგანიზებული საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ოსი ლიდერები მოლაპარაკებებზე წამოვლენ.