
ფინანსური ამნისტია ძალაში შევიდა
25 იანვარს ძალაში შევიდა კანონი “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ”, რომელიც მეწარმეებს 2004 წლამდე დაფარული გადასახადებისაგან ათავისუფლებს და აძლევს არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზების შანსს.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კანონის ამოქმედების შემდეგ შეწყდება დაახლოებით 250 სისხლის სამართლის საქმე და სასჯელისაგან გათავისულდებიან ის პირები, რომლებმაც სამეწარმეო დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს.
კანონში ასევე მოცემულია იმ პირთა ვინაობა, ვისაც ამნისტია არ შეეხება. მათ შორის არიან უმაღლესი თანამდებობის პირები, ასევე ის პირები, რომელთაც ნარკობიზნესის, იარაღით ვაჭრობის, თრეფიქინგის და სხვა ტრანნაციონალური დანაშაულებრივი გზით დააგროვეს ქონება.
კანონის თანახმად, დამალული ქონებისა და ფინანსების დეკლარირება უნდა მოხდეს 2005 წლის ბოლომდე. ფინანსები ლეგალიზებულად ჩაითვლება, თუ დეკლარანტი მის 1%-ს გადაიხდის ბიუჯეტის სასარგებლოდ. კანონის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს პროცესის კონფიდენციალურობას.