ახალი ამბები

სააკაშვილი აჭარასთან მიმართებაში ევროპის საბჭოს რეკომენდაციას არ ეთანხმება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 24 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ასახულ ერთ-ერთ რეკომენდაციას აჭარის ავტონომიის “არაადექვატური მოდელთან“  დაკავშირებით არ ეთანხმება.
 
“ის, რასაც ვუტოვებთ ჩვენ შვილებს, აჭარის გადაწყვეტილი პრობლემაა. ნამდვილად არ არის არავის სარეკომენდაციო, როგორი უნდა იყოს აჭარის დამოკიდებულება დანარჩენ საქართველოსთან“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
 
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ გამართულ დებატებში ამ საკითხზე თანამომხსენებელმა მათიას იორშიმ განაცხადა, რომ კრიტიკის მთავარ წყაროს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ “საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება უგულვებელყოფს ჩვენს [ევროპის საბჭოს] რჩევებს და რეკომენდაციებს“.
 
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 24 იანვარს მიიღო რეზოლუცია საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ, რომელშიც ჩამოთვლილია რიგი უარყოფითი საკითხები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს. მათ შორისაა აჭარის ავტონომიის “არაადექვატური მოდელი“; მაღალი საარჩევნო ბარიერი; 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებები.

Back to top button